ჯო ბაიდენი კონგრესის სპიკერთან შეხვედრაზე: უკრაინაში ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები საშინელია

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, მაიკ ჯონსონმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თეთრ სახლში მან კონგრესის ლიდერების საერთო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ასევე ცალკეც ესაუბრა ბაიდენს.

„პირველ რიგში საჭიროა აშშ-ის საჭიროებებზე ვიზრუნოთ.“

„როდესაც დღეს აქ მოვედი, მიზნად მქონდა გამომეხატა, თვალსაჩინო სიმართლე: პირველ რიგში ამერიკის საჭიროებებზე უნდა ვიზრუნოთ და უპირველეს ყოვლისა - ჩვენს ღია საზღვარზე,” - განაცხადა ჯონსონმა.


წარმომადგენელთა პალატის მუშაობის სხვა პრიორიტეტად ჯონსონმა ფედერალური მთავრობის დაფინანსების გაგრძელება დაასახელა.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრის მონაწილეები “ძალიან ოპტიმისტურები არიან” და იმედი აქვთ, რომ “შათდაუნის” თავიდან ასარიდებლად შეთანხმებას მიაღწევენ.

ბოლოს ჯონსონმა იმ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებასაც მოიცავს.


„მკაფიოდ ვუთხარი პრეზიდენტს და სხვა დამსწრეებს, რომ [წარმომადგენელთა] პალატა აქტიურად შეისწავლის ყველა შესაძლო ვარიანტს. და ამ საკითხს დროულად შევუდგებით, მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენი ქვეყნისთვის პირველი პრიორიტეტია - საზღვარი და მისი დაცულობა,”- განაცხადა ჯონსონმა.


ამერიკულმა ტელერხმა ABC-მ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, ინფორმაცია გაავრცელა, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების არდამტკიცების შემთხვევაში მარტის ბოლოსთვის უკრაინას საბრძოლო მასალის “კატასტროფული” უკმარისობა ელის, კერძოდ კი, საარტილერიო ჭურვებისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების.

ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის დახმარების აუცილებლობას კონგრესის ლიდერებთან შეხვედრის წინ.

„ვფიქრობ, უკრაინაში ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები საშინელია.“ „მე ვესაუბრე G7-ის ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს… ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან,“ განაცხადა ბაიდენმა.

გარკვეული კონტექსტი: შაბათს, ბაიდენმა მოუწოდა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს და კონგრესის წევრებს, დაბრუნებულიყვნენ ორკვირიანი შესვენებიდან და გადაეცათ უკრაინისთვის საჭირო დახმარება. გასულ კვირას უკრაინაში ვიზიტისას, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ასევე მოუწოდა პალატის რესპუბლიკელებს, მიიღონ დახმარების კანონპროექტი.