აშშ-საქართველოს პარტნიორობა, ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, არჩევნები, ქვეყნის სუვერენიტეტი - ელჩ დანიგანის გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე წარდგა.

მის სიტყვას Europetime პუნქტობრივად, სრულად გთავაზობთ:


საქართველო-აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა.

ამერიკის ელჩმა ხაზი გაუსვა იმ დახმარებას, რომელიც შტატებმა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გაიღო.

მინდა, მადლობა გადავუხადო კომიტეტის თავმჯდომარეს მოწვევისა და ამ შესაძლებლობისთვის, აგრეთვე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მე მქონდა პატივი, ბევრ თქვენგანთან ცალ-ცალკე შეხვედრისა და საუბრის. და, უნდა ვთქვა, რომ ამ პატივსაცემ კომიტეტთან ერთად ამ ისტორიულ შენობაში ყოფნა ნამდვილად დიდი პატივია.

მადლობას გიხდით ამისთვის. მინდა, ჩემი დღევანდელი გამოსვლა პრეზიდენტ ბაიდენის ციტატით დავიწყო. ეს არის ციტატა, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. პრეზიდენტი ამბობს: `ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ყველა მათთან, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს.“

ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მომავალს დაუცველს მათი ახირების გამო, ვინც არ იზიარებს ჩვენს ხედვას თავისუფალი, ღია, აყვავებული და უსაფრთხო სამყაროს შესახებ. ამ სტრატეგიაში, პრეზიდენტი ბაიდენი ასევე იღებს ვალდებულებას, იმუშაოს ჩვენი ალიანსებისა და ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებაზე. და სწორედ ამის გაკეთება მთხოვა, როდესაც საქართველოში მოვდიოდი - გამეღრმავებინა ჩვენი ისედაც ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა.


ქართველებსა და ამერიკელებს აქვთ განსაკუთრებული მეგობრობა, რომელიც, ჩემი აზრით, სათავეს იღებს თავისუფლების მიმართ სიყვარულისგან. ის ასევე ემყარება რწმენას, რომ თუ ჩვენ გვექნება თავისუფლება, შრომისმოყვარეობისა და თავდადების გზით, ჩვენ შეგვიძლია, სამყარო უკეთეს ადგილად ვაქციოთ ჩვენი შვილებისთვის. ჩემი, როგორც აშშ-ის ელჩის მთავარი პრიორიტეტია ამ განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობის გაღრმავება. მაგრამ ნება მომეცით, ვიდრე მომავალზე ვისაუბრებდე, უკან მოვიხედო და გავაანალიზო, თუ რას ნიშნავს ჩვენი პარტნიორობა ბოლო 32 წლის განმავლობაში. ბატონო თავმჯდომარევ, ძალიან ვაფასებ თქვენს სიტყვებს ამ პარტნიორობის შესახებ.


კვირას იყო საბჭოთა ოკუპაციის დღე, გავიხსენეთ დღე, როდესაც წითელმა არმიამ ტრაგიკულად მოახდინა საქართველოს ანექსია. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის  მოპოვებიდან შემდგომ წლებში, მე გარწმუნებთ, რომ არცერთი ქვეყანა არ ყოფილა საქართველოს უფრო ძლიერი მხარდამჭერი და მეგობარი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია.

ბოლო 32 წლის განმავლობაში ჩვენ 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ საქართველოს, მაგრამ ეს რიცხვი არ ჰყვება ჩვენი მეგობრობის ისტორიას და იმას, თუ რა სარგებელი მოუტანა ჩვენმა პარტნიორობამ ორივე ქვეყანას.


გაოცებული ვარ იმ ქართველების სიმრავლით, რომლებსაც შევხვდი და რომელთა ცხოვრებაც ჩვენმა განსაკუთრებულმა მეგობრობამ შეცვალა. აქ ყოფნის დროს მე შევხვდი ჯარისკაცებს, სანაპირო დაცვის და პირველადი რეაგირების თანამშრომლებს, რომლებიც გაიწვრთნენ და აღიჭურვნენ შეერთებულ შტატებთან ერთად.

მე შევხვდი უნივერსიტეტის პროფესორებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს, რომლებმაც მითხრეს, რომ მათმა ამერიკელებთან პარტნიორობამ და ურთიერთობამ შეცვალა მათი ცხოვრება. მე შევხვდი ფერმერებს და მცირე ბიზნესის მფლობელებს, რომლებმაც მითხრეს, რომ დაფინანსება და მხარდაჭერა, რომელიც მათ მიიღეს შეერთებული შტატებიდან, დაეხმარა მათ ბიზნესის გადარჩენაში.


აშშ-ის მხარდაჭერამ ასევე ხელი შეუწყო საქართველოს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ჩვენმა დაფინანსებამ ხელი შეუწყო საქართველოს სასაზღვრო პუნქტების უმეტესი ნაწილის მშენებლობას და აღჭურვას. ამ მხარდაჭერამ ხელი შეუწყო საქართველოს სანაპირო დაცვის შექმნას, მომზადებას და აღჭურვას საზღვაო პატრულირებისთვის. 1600 ქართველი იყო აშშ-ში სამხედრო განათლების ბენეფიციარი. ჩვენ მივაწოდეთ საქართველოს NATO-სთან თავსებადი იარაღი და ერთად მივიღეთ მონაწილეობა მრავალეროვნულ წვრთნებში, მათ შორის აქ, საქართველოში.


გასული 32 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები იყო საქართველოს ერთ-ერთი, თუ არა ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი - და ჩვენ გავაგრძელებთ ამას. გასულ პარასკევს, მე მქონდა შესაძლებლობა, განმეხილა კავშირები, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს ურთიერთობას, პრემიერ-მინისტრთან ჩემს პირველ შეხვედრაზე, მის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ. ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული შეხვედრა იყო.


მე კიდევ ერთხელ ვუთხარი პრემიერ-მინისტრს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების თაობაზე ჩემი ვალდებულების შესახებ. და მე გამოვკვეთე ჩემი, როგორც ელჩის მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მხარდაჭერა, ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდა, მათ შორის, შუა დერეფნის მხარდაჭერა, ჩვენი სამხედრო პარტნიორობის გაძლიერების გაგრძელება - რაც ჩვენი ურთიერთობის ქვაკუთხედია, ასევე ჩვენი კულტურული კავშირების განმტკიცება.


ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

ელჩის შეფასებით, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გასულ დეკემბერში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

„ნება მომეცით რამდენიმე სიტყვა ვთქვა თითოეულ ამ პრიორიტეტზე. პირველი, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსთვის და მისი სვლა ევროკავშირის წევრობისკენ. საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება გასულ დეკემბერში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. კიდევ ერთხელ გილოცავთ! ჩვენ გვსურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.


მე ვიცი, რომ ამ ოთახში ბევრი თქვენგანი მუშაობდა ძალიან, ძალიან ბევრს ამ ეტაპის მისაღწევად და ვიცი, რომ თქვენ კიდევ ბევრს იმუშავებთ მომდევნო თვეებსა და წლებში, კანონმდებლობასა და სხვა საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად.

შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საზოგადოების ყველა სეგმენტთან ამ პროცესის წინსვლისთვის. საბოლოო ჯამში, ევროკავშირში გაწევრიანებას დასჭირდება კონსენსუსი და ერთიანობა ქართულ საზოგადოებაში.


მან ხაზი გაუსვა რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში.

„ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ბრიუსელში, უკან გამგზავრება იყო, რათა ევროკავშირთან მესაუბრა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს დახმარება. ჩვენ ახლა ყოველდღიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან, საქართველოსთან და სხვებთან, რათა გამოვკვეთოთ, როგორ არის შესაძლებელი საუკეთესო მხარდაჭერა ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად.


ძალიან გამეხარდა, როდესაც შევიტყე, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი იყო ბრიუსელში, ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად საქართველოს კანდიდატობის განსახილველად. ასევე, გამეხარდა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა NATO-ს ელჩებთან, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა საქართველოს მისწრაფებები - რასაც ჩვენც მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ასე რომ, თქვენ ყველას წინ ძალიან დატვირთული წელი გელოდებათ, რადგან წინ ბევრი სამუშაოა აუცილებელი ნაბიჯების შესასრულებლად საქართველოს ევროატლანტიკური გზის წინსვლისთვის და ასევე არჩევნებისთვის.“


არჩევნები

რობინ დანიგანი თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს: 

მე პირადად ვესაუბრე ზოგიერთ თქვენგანს არჩევნების შესახებ და ვიცი, რომ იზიარებთ ჩვენს შეხედულებას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ყველა მხარესთან, თქვენს პარლამენტთან, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და განსაკუთრებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმა ფარულია და პროცესი თავისუფალი და სამართლიანია.“


შუა დერეფანი

ჩემთვის კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაზრდა. ზოგიერთმა თქვენგანმა იცის, რომ ჩემი სპეციალობა ეკონომიკაა და კარიერის უმეტესი ნაწილი გავატარე ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მშენებლობაზე. გასულ წელს ჩვენმა ორმხრივმა ვაჭრობამ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს 2 მილიარდ დოლარს. მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი არ არის. მე მინდა, მეტი გავაკეთოთ.


ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. რობინ დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიის ევროპასთან დამაკავშირებლის შესაძლებლობების მხარდაჭერას განაგრძობს.

„ჩვენ გვაქვს აშშ-ის სამთავრობო პროგრამების ფართო არჩევანი, საქართველოს ახალ ბაზრებზე ექსპორტის მხარდასაჭერად. ჩვენ მხარს ვუჭერთ საჯარო კერძო პარტნიორობას, რათა სამუშაო ძალის იმ უნარებით აღჭურვისთვის, რომლებიც მათ სჭირდებათ სხვადასხვა ინდუსტრიაში დასაქმებისთვის.


ივნისში მე ვუხელმძღვანელებ ქართული კომპანიების დელეგაციას შეერთებულ შტატებში, SelectUSA-ში მონაწილეობისთვის, რაც ჩვენი მთავარი საინვესტიციო და ეკონომიკური კონფერენციაა. და იმ დროისთვის, როცა ამ ქვეყანას დავტოვებ, მსურს, შემეძლოს ვთქვა, რომ უფრო მეტი ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციაა [ჩვენს ქვეყნებს შორის], ვიდრე ოდესმე.“

„ჩვენი ეკონომიკური კავშირების განმტკიცების ფარგლებში, მე ასევე მტკიცედ დავუჭერ მხარს საქართველოს როლს შუა დერეფანში. OPIC-მა, რომელიც იყო განვითარების საფინანსო კორპორპორაციის DFC-ის წინამორბედი, 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა შავ ზღვაზე ფოთის პორტში ტერმინალის ასაშენებლად, რამაც გაზარდა საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიის ევროპასთან დამაკავშირებლის როლი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ლოგისტიკური ცენტრის მხარდასაჭერად.“


საქართთველოს სუვერენიტეტი

რობინ დანიგანმა NATO-სთან თავსებადობის უზრუნველყოფაში ამერიკელი სამხედროებისა და ქართველ ჯარისკაცების ურთიერთქმედებას გაუსვა ხაზი.

კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელზეც დღეს მსურს, ვისაუბრო, არის აშშ-ის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის, საქართველოს დახმარება თავდაცვის კუთხით და შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად, რასაც მივყავართ ჩვენს სამხედრო პარტნიორობამდე.

ჩვენი სამხედრო პარტნიორობა ნამდვილად არის აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საყრდენი. ჩვენი სამხედროები იწვრთნებოდნენ ერთად, იბრძოდნენ ერთად და შედეგად, მათ ჩამოაყალიბეს ღრმა და ხანგრძლივი კავშირები.

მათ ერთად შეუწყეს ხელი საქართველოს სამხედრო ძალების NATO-სთან თავსებადობას. ისინი ერთად იწვრთნებოდნენ და სწავლობდნენ საუკეთესო პრაქტიკას. როგორც ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში ვიტით მყოფმა გენერლებმა აღნიშნეს ამ პარტნიორობამ არამხოლოდ გააძლიერა საქართველოს სამხედრო ძალები, არამედ, გააძლიერა ჩვენიც. და ჩვენ ღრმად მადლობელი ვართ საქართველოს თავდაცვის ძალების იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ გაგვიწიეთ წლების განმავლობაში.


სიტყვის ბოლოს ელჩმა აღნიშნა, „ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დახმარებაში."

და ბოლოს, მინდა აღვნიშნო აშშ-ის ერთგულება, დაეხმაროს საქართველოს უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში. მოხარული ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ამ მემკვიდრეობის შენარჩუნების ძალისხმევას, რათა მომავალმა თაობებმა ყოველთვის იცოდნენ საქართველოს მდიდარი კულტურის ისტორია. ეს მოიცავს დადიანების სასახლის სარესტავრაციო სამუშაოებს, სამუზეუმო გამოფენას, რომელიც პატივს მიაგებს ქართველ მწერლებსა და სხვა ქართველ კულტურის მოღვაწეებს, და მუშაობას რომაული მოზაიკის გათხრებისა შენარჩუნებისთვის საქართველოს ევროპული ისტორიიდან.


ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პატივია, ვიყო ელჩი საქართველოში. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პატივია, ვიყო ჩემი ქმრის ცოლი უკვე 31 წელი და ჩვენი ორი შვილის დედა. პრეზიდენტ ბაიდენისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლობა ამ უზარმაზარ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პატივია. ასე რომ, მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის და მზად ვარ, თქვენგან მოვისმინოთ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების გზების შესახებ.