სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) საფრთხეს უქმნის ერევანს.
„CSTO, ნაცვლად იმისა, რომ შეასრულოს უსაფრთხოების ვალდებულებები სომხეთის წინაშე, პირიქით, ქმნის უსაფრთხოების პრობლემებს. და ეს პოზიცია, მე გულწრფელად ვამბობ, არის საფრთხე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის,“ - ციტირებს სომხური საინფორმაციო სააგენტო ფაშინიანს.
„ჩვენ დავუსვით შეკითხვა CSTO-ს და დღემდე პასუხი არ მიგვიღია. და ამ კითხვაზე პასუხის არარსებობა, ჩვენი აზრით, საფრთხეს უქმნის სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. კითხვა ძალიან მარტივია: რა არის CSTO-ს პასუხისმგებლობის სფერო სომხეთის რესპუბლიკაში? და ეს კითხვა გაჩნდა 2021 წლის მაისის, 2021 წლის ნოემბრის, 2022 წლის სექტემბრის მოვლენების შემდეგ. შესაბამისად, ამ გარემოებიდან გამომდინარე, CSTO, მიუხედავად თავისი ვალდებულებისა, რომლის მიხედვითაც, მას ადეკვატური პოზიცია და პასუხი უნდა ჰქონოდა, აკეთებს ზუსტად საპირისპიროს. ახლა კი დე ფაქტო გავყინეთ და თუ ეს პროცესი გაგრძელდა, დე იურე უნდა გავყინოთ (წევრობა). კიდევ რა შეიძლება, გაკეთდეს? - განაცხადა ფაშინიანმა.
მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა. მან რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2023 წლის სექტემბრის და ოქტომბრის მოვლენების დროს, რუსეთის მაღალჩინოსნები სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ კანონიერად არჩეული, ლეგიტიმური მთავრობის დამხობისკენ. ფაშინიანი გულისხმობდა პერიოდს, როცა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაბრუნებას სომხეთში მოჰყვა საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ბოლო წლებია, რუსული ტელეარხები აწარმოებენ კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ანტიპროპაგანდას სომხეთის ხელისუფლების და პირადად პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. ამასთან, სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის დახურვა დღის წესრიგში არ დგას, ხოლო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები „ინსტიტუციური ტრადიციების ფარგლებშია."
2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს.
2023 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი. 2023 წლის ოქტომბერში სომხეთმა უარი თქვა ყირგიზეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე, ხოლო ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს, რომელიც მინსკში ჩატარდა.