იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინისთვის დახმარების გაცემა კონგრესში რამდენიმე თვეა შეჩერებულია, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაიწყო მსჯელობა, აქვს თუ არა „ფინანსური რეზერვი,“ რათა შეძლოს იარაღის გადატანა კიევში. ამის შესახებ СNN წყაროზე დაყრდნობით წერს და აღნიშნავს, რომ პენტაგონი განიხილავს 4 მილიარდი დოლარის „რეზერვის“ გამოყენებას უკრაინის მხარდასაჭერად.
CNN-ის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ამავდროულად, შეერთებული შტატები უკვე იწყებს განხილვას კიევისთვის სამხედრო დახმარების პოტენციური შემდეგი პაკეტის შინაარსის შესახებ და ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ის აუცილებლად შეიცავს "კრიტიკულ საბრძოლო მასალას."
როგორც გამოცემა იუწყება, თავდაცვის დეპარტამენტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით ოთხი მილიარდი დოლარი ჯერ კიდევ აქვს უკრაინისთვის, რაც პენტაგონს საშუალებას აძლევს, აშშ-ის საწყობებიდან იარაღი გააგზავნოს, თუმცა დეპარტამენტს არ აქვს სახსრები, რომ გაგზავნილი იარაღი ახალით ჩააანაცვლოს. ასევე, პენტაგონს არ აქვს რაიმე გარანტია, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეზერვის ოთხ მილიარდს გამოიყენებს, შემდეგში კონგრესი შეავსებს მას.
CNN-ის წყაროს თქმით, პენტაგონში ასევე მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ და სად განთავსდეს სამხედრო ტექნიკა, რათა ის უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად გაიგზავნოს დამატებითი დაფინანსების წყაროების აღმოჩენის შემდეგ. კიევისთვის 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი 27 დეკემბერს გამოცხადდა. ამავდროულად, გარკვეული ამერიკული იარაღი, რომლებიც მწარმოებლებს გრძელვადიანი კონტრაქტებით შეუკვეთეს და წინა პაკეტებში იყო გამოცხადებული, კვლავ შედის უკრაინაში.