ფინეთი უკრაინას მის მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას არ უკრძალავს

ფინეთის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აწესებენ რაიმე შეზღუდვას ფინეთის სამხედრო დახმარებაზე და უკრაინას შეუძლია, იარაღი რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენოს. ამის შესახებ ფინური მაუწყებლის Yle-ის სტატიაშია ნათქვამი.


ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰიაკკანენის თქმით, უკრაინისთვის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები ეხება უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოებს, რომლებმაც მას დიდი დისტანციის იარაღის სისტემები მიაწოდეს. ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იუკა კოპრამ ასევე დაადასტურა, რომ ჰელსინკი არ აწესებს შეზღუდვებს კიევისთვის, იარაღის გამოყენებაზე და „უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება, გამოიყენოს ეს იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.“

ამავდროულად, კომიტეტში კოპრას მოადგილემ, დეპუტატმა მიკო სავოლამ აღნიშნა, რომ ფინეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის დიაპაზონი მცირეა.

დღესვე, ფინეთმა მოუწოდა გერმანიას, „სერიოზულად განიხილოს“ Taurus-ის შორის დისტანციის რაკეტების გაგზავნა უკრაინაში.