უკრაინელების 70% კიევის საგარეო პოლიტიკას მხარს უჭერს - კვლევა

უკრაინელების ორ მესამედზე მეტი (70,1%) უკრაინის ხელმძღვანელობის საგარეო პოლიტიკას უჭერს მხარს. რაზუმკოვის ცენტრის მიერ 2024 წლის 19-25 იანვარს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები ანალიტიკური ცენტრის სოციოლოგიური სამსახურის უფროსმა ანდრი ბიჩენკომ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.


მან დასძინა, რომ უკრაინელებმა ხუთბალიან სისტემაში, 3-4 ქულით შეაფასეს უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის ეფექტიანობა რუსული აგრესიის მოგერიებაში.

საერთაშორისო მოვლენებს შორის, რომლებმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა უკრაინაზე, გამოკითხულებმა პირველი ადგილი მიაკუთვნეს (4,3 ქულა ხუთბალიანი სკალაზე) უნგრეთის მიერ უკრაინისადმი ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების და ზოგადად, მისი ევროინტეგრაციის დაბლოკვას, ასევე, შეერთებულ შტატებში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავებას, რაც აფერხებს უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას.


პირისპირ გამოკითხვა რაზუმკოვის ცენტრის მიერ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ჩატარდა. გამოკითხვა მოიცავდა უკრაინის ყველა რეგიონს, რომელსაც აკონტროლებს მთავრობა, სადაც გამოიკითხა 18 წელზე უფროსი ასაკის 2000 რესპონდენტი. ცდომილება არ აღემატება 2,3%-ს.