აშშ-ის ელჩი: ჩვენ მივაწოდეთ საქართველოს NATO-სთან თავსებადი იარაღი და ერთად მივიღეთ მონაწილეობა მრავალეროვნულ წვრთნებში

ამერიკის ელჩის განცხადებით, აშშ-ის მხარდაჭერამ ხელი შეუწყო საქართველოს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. შტატების დაფინანსებამ ასევე ხელი შეუწყო საქართველოს სასაზღვრო პუნქტების უმეტესი ნაწილის მშენებლობას და აღჭურვას.

როგორც რობინ დანიგანმა აღნიშნა, ამ მხარდაჭერამ ხელი შეუწყო საქართველოს სანაპირო დაცვის შექმნას, მომზადებას და აღჭურვას საზღვაო პატრულირებისთვის.

„1600 ქართველი იყო აშშ-ში სამხედრო განათლების ბენეფიციარი. ჩვენ მივაწოდეთ საქართველოს NATO-სთან თავსებადი იარაღი და ერთად მივიღეთ მონაწილეობა მრავალეროვნულ წვრთნებში, მათ შორის აქ, საქართველოში.“


რობინ დანიგანმა NATO-სთან თავსებადობის უზრუნველყოფაში ამერიკელი სამხედროებისა და ქართველ ჯარისკაცების ურთიერთქმედებას გაუსვა ხაზი.

„კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი, არის აშშ-ის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის, საქართველოს დახმარება თავდაცვის კუთხით და შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად, რასაც მივყავართ ჩვენს სამხედრო პარტნიორობამდე.

ჩვენი სამხედრო პარტნიორობა ნამდვილად არის აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საყრდენი. ჩვენი სამხედროები იწვრთნებოდნენ ერთად, იბრძოდნენ ერთად და შედეგად, მათ ჩამოაყალიბეს ღრმა და ხანგრძლივი კავშირები.


მათ ერთად შეუწყეს ხელი საქართველოს სამხედრო ძალების NATO-სთან თავსებადობას. ისინი ერთად იწვრთნებოდნენ და სწავლობდნენ საუკეთესო პრაქტიკას. როგორც ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში ვიტით მყოფმა გენერლებმა აღნიშნეს ამ პარტნიორობამ არამხოლოდ გააძლიერა საქართველოს სამხედრო ძალები, არამედ, გააძლიერა ჩვენიც. და ჩვენ ღრმად მადლობელი ვართ საქართველოს თავდაცვის ძალების იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ გაგვიწიეთ წლების განმავლობაში,“ აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.