აშშ-ის ელჩის განცხადებით, არცერთი ქვეყანა არ ყოფილა საქართველოს უფრო ძლიერი მხარდამჭერი და მეგობარი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია.
რობინ დანიგანის თქმით, ბოლო 32 წლის განმავლობაში ჩვენ 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ საქართველოს, მაგრამ ეს რიცხვი არ ჰყვება ჩვენი მეგობრობის ისტორიას და იმას, თუ რა სარგებელი მოუტანა ჩვენმა პარტნიორობამ ორივე ქვეყანას.
„გაოცებული ვარ იმ ქართველების სიმრავლით, რომლებსაც შევხვდი და რომელთა ცხოვრებაც ჩვენმა განსაკუთრებულმა მეგობრობამ შეცვალა. აქ ყოფნის დროს მე შევხვდი ჯარისკაცებს, სანაპირო დაცვის და პირველადი რეაგირების თანამშრომლებს, რომლებიც გაიწვრთნენ და აღიჭურვნენ შეერთებულ შტატებთან ერთად.
მე შევხვდი უნივერსიტეტის პროფესორებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს, რომლებმაც მითხრეს, რომ მათმა ამერიკელებთან პარტნიორობამ და ურთიერთობამ შეცვალა მათი ცხოვრება. მე შევხვდი ფერმერებს და მცირე ბიზნესის მფლობელებს, რომლებმაც მითხრეს, რომ დაფინანსება და მხარდაჭერა, რომელიც მათ მიიღეს შეერთებული შტატებიდან, დაეხმარა მათ ბიზნესის გადარჩენაში.
აშშ-ის მხარდაჭერამ ასევე ხელი შეუწყო საქართველოს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ჩვენმა დაფინანსებამ ხელი შეუწყო საქართველოს სასაზღვრო პუნქტების უმეტესი ნაწილის მშენებლობას და აღჭურვას. ამ მხარდაჭერამ ხელი შეუწყო საქართველოს სანაპირო დაცვის შექმნას, მომზადებას და აღჭურვას საზღვაო პატრულირებისთვის. 1600 ქართველი იყო აშშ-ში სამხედრო განათლების ბენეფიციარი. ჩვენ მივაწოდეთ საქართველოს NATO-სთან თავსებადი იარაღი და ერთად მივიღეთ მონაწილეობა მრავალეროვნულ წვრთნებში, მათ შორის აქ, საქართველოში.“