რუსეთთან ომის „გაყინვა“ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს - ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა CBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ომის „გაყინვა“ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას ნიშნავს, ამიტომ უკრაინა მსგავს ნაბიჯს არასოდეს გადადგამს.


მისი თქმით, რუსები დიდი სიამოვნებით გაყინავდნენ ყველაფერს ისე, როგორც ეს არის ახლა და აიძულებენ უკრაინას, დაპყრობილი ტერიტორია რუსეთის ტერიტორიად აღიაროს.

„ამ შემთხვევაში ისინი იზეიმებენ გამარჯვებას. ეს არასდროს მოხდება," - აღნიშნა ბუდანოვმა.

მან აღიარა, რომ რუსეთმა როგორღაც შეძლო, მიეღო საიდუმლო ინფორმაცია უკრაინის კონტრშეტევის გეგმების შესახებ.

„იმაზე მეტს არ ვიტყვი, რაც პრეზიდენტმა თქვა. ჩვენ მივიღეთ, ვთქვათ, ინფორმაცია, მტკიცებულება, რომ გეგმები ცნობილი გახდა რუსეთისთვის. ეს არის სერიოზული პრობლემა და ჩვენ გარკვეულ ზომებს ვიღებთ," - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა.

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ ომი უნდა დასრულდეს არამხოლოდ 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნებით, არამედ, რუსეთის სრული დაშლით, რაც მხოლოდ შიგნიდანაა შესაძლებელი.


„უკრაინის სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეიცვალოს დროის, გარემოებების, ტექნიკური და სამობილიზაციო შესაძლებლობების მიხედვით. „სწორედ ასეთ „პირობებში“ უკრაინის არმია მოიპოვებს უპირატესობას ბრძოლის ველზე, შემდეგ კი, უფრო მძლავრი პოზიციები ექნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე, რაც, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან დაიწყება. ასეთი მოლაპარაკებების დაწყების მთავარი და უპირობო პირობა უნდა იყოს 2014 წლის მარტის შემდეგ მიტაცებული უკრაინის აბსოლუტურად მთელი ტერიტორიის გათავისუფლება“, - მიიჩნევს ბუდანოვი.