პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში ლატვიის პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსულ სურსათზე ემბარგოს არ გამორიცხავს.
მისი თქმით, პოლონეთი ყურადღებით შეისწავლის და განიხილავს ლატვიის მაგალითს, რომელმაც რუსული სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტი აკრძალა.
„პოლონეთსა და ევროკავშირში სურსათისა და მარცვლეულის სიჭარბის გამო არათანაბარი კონკურენციის პრობლემა არა მხოლოდ უკრაინიდან იმპორტირებული სურსათისა და მარცვლეულის კუთხითაა. ცოტა ადამიანი ხვდება, რომ ბაზრების დესტაბილიზაცია რუსული და ბელარუსული პროდუქტებით ხდება,” - განაცხადა ტუსკმა.
მისი თქმით, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ევროკავშირის ინსტიტუტების დასარწმუნებლად, რომ სერიოზულად განიხილონ უკეთესი და უფრო უსაფრთხო რეგულაციები “აღმოსავლეთ მიმართულებიდან” იმპორტირებულ მარცვლეულსა და სურსათზე.
“გვინდა, უკრაინას დავეხმაროთ - ამ მხრივ ჩვენს შორის სხვაობა არ არსებობს, მაგრამ ჩვენი ფერმერების დაცვა გვსურს. ლატვიას იგივე პრობლემა აქვს, მაგრამ ცოტა სხვა მასშტაბით,” - განაცხადა ტუსკმა.