უკრაინამ საკუთარ ოჯახებს კიდევ ხუთი ბავშვი დაუბრუნა

4-დან 16 წლამდე ხუთი ბავშვი, მათ შორის, ერთი ობოლი, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს. ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.

„დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ ორი გოგო და სამი ბიჭი წაიყვანეს. ერთ-ერთი ბავშვი, ობოლია. ბავშვები 4-დან 16 წლამდე არიან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.


2022 წლის შემოდგომაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპირო ნაწილი, მათ შორის, ქალაქი ხერსონი. მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე მდებარე რეგიონის ნაწილი დროებით ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ.


ოფიციალური მონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია.