ბაიდენს სურს, G7-ის ქვეყნებმა რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების გეგმა შეადგინონ - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, 2024 წლის ივნისის სამიტამდე, რუსული სუვერენული აქტივების გამოყენების გეგმებში უკრაინის მხარდასაჭერად მიაღწიონ პროგრესს.


ანონიმური წყაროს ცნობით, ბაიდენს სურს, გაყინული აქტივები უკრაინის საბიუჯეტო საჭიროებების დასაფინანსებლად, მოგვიანებით კი უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ჩამორთმეული რუსული სახსრების გამოყენება უკრაინის დახმარების საჭიროებას ვერ ჩაანაცვლებს.


აღნიშნული თანხების აბსოლუტური უმრავლესობა ევროპაშია, ძირითადად ბელგიურ სადეპოზიტო Euroclear-ში და ნებისმიერი გარიგება G7-ის ყველა ქვეყნის მხარდაჭერას საჭიროებს.

მიუხედავად რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ G7-ის ქვეყნებს შორის უთანხმოებისა, ერთ-ერთი ოფიციალური წყაროს თანახმად, G7-ის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ მოსკოვმა უნდა გადაიხადოს მიყენებული ზიანი. ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ სულ უფრო მეტი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ არსებობს გაყინული ქონების ჩამორთმევის კანონიერი გზა.

მანამდე, G7-ის ლიდერებმა 24 თებერვალს სამიტის დასასრულს დაადასტურეს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს უმოძრაოდ შეინარჩუნებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულებამდე.