ჯონსონმა განმარტა, როდის განიხილავს წარმომადგენელთა პალატა უკრაინის დახმარებას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტი ფედერალური მთავრობის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთანავე განიხილება. ჯონსონმა აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატა განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი დაფინანსების შესახებ და დაუბრუნდება ამ საკითხს „როგორც კი მთავრობა მიიღებს დაფინანსებას.“


მანამდე, 29 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, სპიკერმა იწინასწარმეტყველა, რომ პალატა, სავარაუდოდ, არ განიხილავდა უკრაინის დახმარებას ამ კვირაში, მაგრამ სანაცვლოდ იმუშავებდა საზღვრის უსაფრთხოების მოგვარებაზე და ე.წ. შათდაუნის თავიდან აცილებაზე.

ამ კვირის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების საკითხი „დროულად“ გადაწყდება. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ აცნობა შეერთებულ შტატებსა და კონგრესს, რომ მას ერთი თვის განმავლობაში სჭირდება მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცება.