პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, გამაოგნებელია პრეზიდენტის განცხადება საპატრიარქოსთან დაკავშირებით.
„კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოსთან დაკავშირებით გააკეთა - ასეთი განცხადებები გამაოგნებელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი განცხადებებით საკუთარ იმიჯს აზიანებს. ამ თემაზე მეტი კომენტარის გაკეთება არ მინდა,“ - აღნიშნა კობახიძემ.
კითხვას, ელის თუ არა პრეზიდენტისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, კობახიძემ უპასუხა, რომ „სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს.“
„სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იმდენი უხეში ქმედება განახორციელა, რომ ყველაფერი შეიძლება გააკეთოს“, - განაცხადა პრემიერმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პატრიარქსა და ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ეკლესია გაყვება პროდასავლურ რიტორიკას.
„ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს.
ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის,” - განაცხადა ზურაბიშვილმა Chatham House-ში.