ბულგარეთმა რუსულ ნავთობზე უარი თქვა

ბულგარეთში დღეიდან რუსული ნავთობის იმპორტზე სრული აკრძალვა ამოქმედდება. ის იყო ევროკავშირის ბოლო ქვეყანა, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან რესურსის მიღებას, გასულ წელს ემბარგოს დაწესების შემდეგ აგრძელებდა.


მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა ბულგარეთს ნება დართო, გაეგრძელებინა შესყიდვები რუსეთის ფედერაციიდან 2024 წლის ბოლომდე, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეუერთდეს ნავთობის ემბარგოს ვადაზე ადრე.


რუსული ნედლეულის იმპორტის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცა და ეს ნაბიჯი „მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რუსეთის პირდაპირი დაფინანსების“ შეწყვეტის აუცილებლობით ახსნა.

2023 წლის ბოლოს ბულგარეთი რუსეთიდან ყოველდღიურად ყიდულობდა 200 ათას ბარელ ნავთობს, რომელიც ლუკოილის საკუთრებაში არსებულ ბურგასის ქარხანას ამარაგებდა.

რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ. პირველი იანვრიდან ბულგარეთში ასევე შეწყდა რუსული ნავთობიდან მიღებული გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტიც.