კასპაროვის შეფასებით, უკრაინასთან მარცხის შემთხვევაში, რუსეთს შეიძლება, ტერიტორიების დათმობა მოუწიოს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გარი კასპაროვი, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ დამაარსებელი, რომელიც საკუთარი ნებით იმყოფება ემიგრაციაში, მიიჩნევს, რომ რუსეთმა ახლანდელი საზღვრები შეიძლება, ვერ შეინარჩუნოს, თუ უკრაინასთან ომს წააგებს.


რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კასპაროვი ამბობს, რომ რუსეთის მთლიანი დაშლა ნაკლებად მოსალოდნელია.

იმ რეგიონებს შორის, რომლებიც, კასპაროვის თქმით, შეიძლება რუსეთის ფედერაციას ჩამოშორდნენ, არის თათრეთის რესპუბლიკა, ბაშკირეთი, დაღესტანი და ჩეჩნეთი. თუმცა, ჭადრაკში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის აზრით, ბოლომდე ცხადი არ არის, რა იქნება ომის შემდეგ. „ჩემი აზრით, ეკონომიკური ფაქტორები ითამაშებენ დიდ როლს, ამ საკითხში. მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, არ ვიდგეთ ერთიანი და განუყოფელი რუსეთის პოზიციაზე,“ - აღნიშნა კასპაროვმა და დასძინა, რომ „ რუსეთის იმპერიული ხასიათის შეცვლაა აუცილებელი მისი ახლებურად ფორმირებისთვის.“


პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ „რუსეთის დაშლის კოშმარი“ აწუხებს, პირველ რიგში, აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მის ადმინისტრაციას, რომლებიც მიჩვეულნი არიან ცივი ომის ტერმინებით აზროვნებას და ცუდი ორიენტაცია აქვთ XXI საუკუნის მრავალპოლარულ სამყაროში. 60 წლის კასპაროვი ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაციის დანაკარგები „მინიმალური“ იქნება, მაგრამ თვლის, რომ თუ უარყოფთ იმპერიას, უნდა დაეთანხმოთ იმასაც, რომ მას ზოგიერთი ნაწილი ბოლოსდაბოლოს ჩამოშორდება“.