გერმანიაში სამხედრო მაღალჩინოსნების საუბრის ჩანაწერის გაჟონვის საქმეს იძიებენ

გერმანიის საგამოძიებო უწყებები იკვლევენ რუსეთის მედიის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელზეც, სავარაუდოდ, გერმანელი მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები მსჯელობენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.


როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს დაადასტურა ბუნდესვერის მაღალი რანგის ოფიცრებს შორის კონფიდენციალური დისკუსიის ჩანაწერის ავთენტურობა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელიც რუსულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.

გერმანელმა სამხედროებმა დაადასტურეს, რომ მოლაპარაკებები რეალური იყო, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ ჩანაწერი დამონტაჟდა.


რუსეთის Russia Today-ს ხელმძღვანელმა, მარგარიტა სიმონიანმა ჩანაწერი პირველ მარტს გამოაქვეყნა. Reuters-მა მისი ავთენტიკურობის დასტური ვერ მოიპოვა.

საუბრის მონაწილეები განიხილავენ კიევისთვის „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, რომელიც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჯერჯერობით უარყო.


კანცლერმა, რომელიც იტალიაშია ვიზიტით იმყოფება, რომში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფორმაციის შესაძლო გაჟონვა „ძალიან სერიოზულია.“

შოლცი ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს ბუნდესვერის ოფიცრების საუბრების ჩანაწერების გაჟონვასთან დაკავშირებით.

ბერლინში რუსეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კი, გერმანული მხარისგან განმარტება მოითხოვა.