აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს

სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „თავისუფლების ფარი“ - დაიწყეს. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ, მათი თავდაცვისა და მზადყოფნის გაძლიერებაა. წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.


11-დღიანი მანევრები მოიცავს სამხედრო მომზადებას კომპიუტერულ სიმულაციებში და ასევე საველე წვრთნებს. წლევანდელი წვრთნების მთავარი ელემენტი ჩრდილოეთ კორეის შესაძლო ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკის შემუშავებაა.


სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მანევრები ფხენიანის მხრიდან გაზრდილი დაძაბულობის, დასავლეთ საზღვაო საზღვართან საარტილერიო სროლისა და რაკეტების გაშვების ფონზე დაიწყო.