ბულგარეთი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს შეუერთდება

„ბულგარეთი აპირებს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს შეუერთდეს,“ - ამის შესახებ ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა როზენ დიმიტროვ ჟელიაზკოვმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.


AZERTAC-ის ცნობით, როზენ დიმიტროვ ჟელიაზკოვმა შეაქო აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ურთიერთობების განვითარება, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველს ემყარება. მანვე აღნიშნა ორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებში.

ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა აზერბაიჯანს COP29-ის მასპინძლობა მიულოცა და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული მწვანე და განახლებადი ენერგიის პროექტების მნიშვნელობას.


2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.

ცნობისთვის, შავი ზღვის კაბელის პროექტის დაწყებისას არსებული შეთანხმებით, აზერბაიჯანული ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვას, რუმინეთს და შემდეგ გაიყიდება უნგრეთში.