შმიგალი: მინდა, მჯეროდეს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გამარჯვებისთანავე გახდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გამარჯვებისთანავე გახდება. უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, პარლამენტებს კი, რატიფიკაცია.

მისი თქმით, უკრაინა „საშინაო დავალებას“ ორ წელიწადში შეასრულებს.


„დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი გამარჯვებისთანავე მოხდება. არ მჯერა, რომ უკრაინის მიერ საშინაო დავალების შესასრულებლად ევროკავშირი რაიმე სახის ფორმალობებს დაელოდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. მინდა, მჯეროდეს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ჩვენი გამარჯვებისთანავე გახდება, ამ ომის დასრულების შემდეგ. ჩვენ საშინაო დავალებას ორ წელიწადში შევასრულებთ,“ - განაცხადა შმიგალმა.


ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტს მიმდინარე თვეში წარადგენს. მანამდე მსგავსი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.