აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2014 წელს გამოცხადდა, გაახანგრძლივა.
თეთრი სახლის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ განკარგულებით საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გრძელდება. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული დადგენილებები აშშ-ში საგანგებო მდგომარეობისა და უცხო ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების შესახებ, ერთი წლის განმავლობაშია ძალაში.
„2014 წლის 6 მარტს, აღმასრულებელი ბრძანებით 13660, პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის მიხედვით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის უჩვეულო და არაჩვეულებრივი საფრთხის საპასუხოდ, რომელიც წარმოიშვა ქმედებებიდან და იმ პირთა პოლიტიკიდან, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინაში დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს; საფრთხე შეუქმნა მის მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; წვლილი შეიტანა მისი აქტივების უკანონო მითვისებაში," - ნათქვამია განცხადებაში.