Reuters: ევროკომისია ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის ომის ეკონომიკის მოდელზე გადაყვანას სთავაზობს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ, ევროკავშირში განიხილავენ სამხედრო მრეწველობის „ომის ეკონომიკის მოდელზე“ გადასვლის საკითხს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დღეს, 5 მარტს ევროკომისია წარმოადგენს ინიციატივას ევროკავშირის სამხედრო მრეწველობის სტიმულირების შესახებ.


ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. წინადადებებს ასევე ყურადღებით შეისწავლის NATO, რომელმაც განაცხადა, რომ მიესალმება ევროკავშირის ძალისხმევას ევროპის თავდაცვის ხელშეწყობისთვის, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ მათ არ უნდა მოახდინონ ტრანსატლანტიკური ალიანსის მუშაობის დუბლირება და არ უნდა შეეწინააღმდეგონ მას.

ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, ევროკომისარი მრეწველობის საკითხებში ტიერი ბრეტონი წარადგენს წინადადებებს იმისთვის, რომ წაახალისოს ევროკავშირის ქვეყნები, მეტი იარაღი შეისყიდონ ევროპული კომპანიებისგან და ასეთ ფირმებს წარმოების შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარონ.


„ჩვენ უნდა შევცვალოთ პარადიგმა და გადავიდეთ ომის ეკონომიკის რეჟიმში. ეს ასევე ნიშნავს, რომ ევროპის თავდაცვის ინდუსტრია მეტ რისკზე უნდა წავიდეს ჩვენი მხარდაჭერით", - განაცხადა ბრეტონმა პაკეტის წინასწარი განხილვისას.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის კიდევ ერთხელ გაპრეზიდენტების შესაძლებლობა, რომელიც NATO-ს მიმართ ვაშინგტონის ვალდებულებას ეჭვქვეშ აყენებს, ნიშნავს, რომ ევროპამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს საკუთარი თავის დასაცავად.

„არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, იმისგან დამოუკიდებლად რა იქნება ჩვენი მოკავშირეების არჩევნების შედეგები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ,“ - აღნიშნა ტიერი ბრეტონმა.


ბრეტონის წინადადებები მოიცავს აშშ-ის საგარეო სამხედრო გაყიდვების სქემის ევროპული ვერსიის შექმნას, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები სხვა მთავრობებს ამერიკული კომპანიებისგან იარაღის შეძენაში ეხმარება. კიდევ ერთი წინადადება საშუალებას მისცემს ევროკავშირს აიძულოს იარაღის მწარმოებელი ევროპული კომპანიები, კრიზისის დროს პრიორიტეტი ევროპულ შეკვეთებს მიანიჭონ. იმისთვის, რომ წინადადებები რეალობად იქცეს, ის ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.