ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გაეროში ქვეყნის ელჩი, გილად ერდანი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. ისრაელ კაცის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი არის ცნობები იმის შესახებ, რომ გაერო, სავარაუდოდ, ცდილობდა, არ გაეხმაურებინა „ჰამასის“ მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ ანგარიში.
„ვუბრძანე ჩვენს ელჩს გაეროში, გილად ერდანს, დაბრუნებულიყო ისრაელში სასწრაფო კონსულტაციებისთვის ორგანიზაციის მცდელობასთან დაკავშირებით, არ გახმაურებულიყო „ჰამასის“ და მისი დამხმარეების მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი მასობრივი გაუპატიურების შესახებ ანგარიში,“ - განაცხადა ისრაელ კაცმა.
მინისტრის თქმით, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ანგარიშის დასკვნების განსახილველად გაერო-ს უშიშროების საბჭო უნდა მოეწვია, ან „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოეცხადებინა, რაც არ გააკეთა.
გენერალური მდივნის ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გუტერეშს არასდროს გაუცია ბრძანება გაერო-ს ანგარიშის „გაჩუმების“ შესახებ.
„გენერალურმა მდივანმა სრულად დაუჭირა მხარი პრამილა პატენის მუშაობას ისრაელში ვიზიტისას, რათა შეესწავლა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის აქტები, რომლებიც დაკავშირებულია 7 ოქტომბრის ტერაქტებთან. სამუშაო შესრულდა საფუძვლიანად და დაჩქარებულად. გენერალურ მდივანს არავითარ შემთხვევასა თუ ფორმაში არაფერი გაუკეთებია მოხსენებასთან დაკავშირებით სიჩუმის შესანარჩუნებლად," - აცხადებენ ანტონიო გუტერეშის ოფისში.