დანიელი პარლამენტარების დელეგაცია დღეს ხურვალეთში ჩავიდა, რათა უშუალოდ ენახათ რუსეთის მუდმივი ბორდერიზაციის შედეგები. შესაბამის ინფორმაციას დანიის საელჩო ავრცელებს.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენების მონიტორინგის მნიშვნელოვან ამოცანას ახორციელებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მონიტორინგი 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო. მისიის მანდატი მოიცავს სტაბილიზაციის, ნორმალიზაციის და ნდობის აღდგენის მხარდაჭერას, ასევე, ევროკავშირის ინფორმირებას, რათა ევროპული ქვეყნები საქმის კურსში იყვნენ განვითარებული მოვლენების შესახებ და ამით ხელი შეეწყოს ევროკავშირის უფრო მეტ ჩართულობას რეგიონში. დანია არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიანი მხარდამჭერი. სადამკვირვებლო მისიას ამჟამად ჰყავს 7 დამკვირვებელი დანიიდან,“ აცხადებენ საელჩოში.