მედია: უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველომ 35-ჯერ გაზარდა აშშ-დან მიკროჩიპების იმპორტი

უკრაინაში ომის პარალელურად საქართველომ მკვეთრად გაზარდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტი დასავლეთიდან და ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში. რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც ჩანს, რომ საქართველომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით 3 370 %-ით გაზარდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიკროჩიპების იმპორტი. დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ საქართველომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წელს რეკორდულად გაზრდილი რაოდენობის ამერიკული ტექნოლოგიური პროდუქცია შეიძინა, ამერიკის სენატში რუსეთისთვის დაკისრებული სანქცირების ეფექტიანობის განსახილველად მომზადდა რუსეთის სანქციებზე მომუშავე მუდმივმოქმედი საგამოძიებო ქვემომიტეტის მიერ.

 
ამ დოკუმენტში მოყვანილი მონაცემები მიკროჩიპებით მოვაჭრე ოთხი გიგანტური ამერიკული კომპანიის (Intel, Analog Devices, AMD და Texas Instruments) საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას ეყრდნობა, რომელიც საგამოძიებო ჯგუფმა მათგან გამოითხოვა ანგარიშზე მუშაობისას. ამ კომპანიების მიერ წარმოებული ნახევარგამტარები და მიკროჩიპები ყველაზე ხშირად ხვდებათ შეიარაღების მკვლევრებს უკრაინაში გამოყენებულ რუსულ სამხედრო იარაღში.