წითელ ზღვაში კრიტიკული მნიშვნელობის საკომუნიკაციო კაბელები გაწყვეტილია - BBC

წითელ ზღვაში რამდენიმე საკომუნიკაციო კაბელი გაწყდა, რაც გავლენას ახდენს მონაცემთა ტრაფიკის 25%-ზე, რომელიც აზიასა და ევროპას შორის მოძრაობს, აცხადებენ სატელეკომუნიკაციო კომპანია და ამერიკელი ოფიციალური პირი. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.


აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, მომხდარის მიზეზების დადგენას ცდილობენ. გასულ თვეში იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა შესაძლოა, ზღვაში გემებზე თავდასხმის გარდა, წყალქვეშა კაბელების საბოტაჟი მოაწყონ.

ჰუსიტებმა, რომლებიც აკონტროლებენ იემენის დასავლეთით წითელი ზღვის სანაპიროს დიდ ნაწილს, უარყვეს, რომ მათ  კაბელების დაზინება სურთ და პირიქით, განაცხადეს, რომ კაბელებისთვის ზიანის მიყენება აშშ-სა და ბრიტანეთის სამხედრო დარტყმებს შეეძლოთ.


HGC Global Communications-მა ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ ოთხი წყალქვეშა კაბელი წითელ ზღვაში - Seacom, TGN-Gulf, Asia-Africa-Europe 1 და Europe India Gateway - ბოლო "ინციდენტის" შედეგად გაწყდა. HGC-მ განაცხადა, რომ მისი კლიენტებისთვის ნებისმიერი შეფერხების შესამცირებლად, შესაბამისი ზომები მიიღეს - ევროპისკენ მიმავალი კაბელების მეშვეობით მატერიკულ ჩინეთში და წყნარი ოკეანის ქვეშ აშშ-ში, ასევე, წითელ ზღვაში დარჩენილი კაბელების გამოყენებით.


როგორც აფრიკის სატელეკომუნიკაციო საკაბელო ოპერატორმა Seacom-მა Associated Press-ს განუცხადა, „პირველადი ტესტირება მიუთითებს, რომ დაზარალებული სეგმენტი იემენის საზღვაო იურისდიქციებში, სამხრეთ წითელ ზღვაში მდებარეობს.“

პენტაგონის ოფიციალურმა პირმა CBS News-ს დაუდასტურა, რომ წითელ ზღვაში წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელები გაწყდა. აშშ ცდილობს, დაადგინოს კაბელები განზრახ დააზიანეს თუ ინციდენტი ღუზამ გამოიწვია.


შეგახსენებთ, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე არაერთი საპასუხო დარტყმა მიიტანეს.