თეთრი სახლი: ზელენსკი არ ითხოვს აშშ-ის ჯარების შეყვანას უკრაინაში

შეერთებული შტატები არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში საბრძოლველად, არც პრეზიდენტ ზელენსკის უთხოვია ასეთი დახმარება, განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ 5 მარტს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.


„უკრაინის შიგნით არ იქნება აშშ-ის ჯარები. პრეზიდენტი ზელენსკი ამას არ ითხოვს. ის უბრალოდ ითხოვს ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებს. მას არასოდეს მოუთხოვია უცხოური ჯარები თავისი ქვეყნისთვის საბრძოლველად," აღნიშნა კირბიმ და მან კვლავ მოუწოდა კანონმდებლებს, მიიღონ დამატებითი დაფინანსების პაკეტი, რომელიც ამჟამად არის წარდგენილი კონგრესში. კანონპროექტი ითვალისწინებს 61 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას, რაც სასწრაფოდ სჭირდებათ უკრაინის ჯარებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალის დეფიციტს განიცდიან.