პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, ეროვნული კონსენსუსი იქნება და ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა ერთად იმუშავებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, ეროვნული კონსენსუსი იქნება და ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა ერთად იმუშავებს.

„გასული წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ისტორიულ გადაწყვეტილებას ყველანი ერთად აღვნიშნავდით. პირადად მე ძალიან ბედნიერი ვიყავი და ერთმანეთს ყველამ მივულოცეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ფორმალურად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. მაგრამ იქამდე რამდენიმე ეტაპია გასავლელი. შემდეგი ეტაპი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაა.


ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ამ ეტაპზე რაც შეიძლება სწრაფად მივალთ. იქამდე მისასვლელად საქართველომ ცხრა ნაბიჯი მიიღო, რომელიც უნდა განხორციელდეს. განხორციელების პროცესი გრძელდება. ცხრა ნაბიჯის განხორციელების მდგომარეობას კიდევ ერთი გაფართოების ანგარიშით განვიხილავთ, ამ ანგარიშზე მუშაობა კი ფაქტობრივად უკვე დავიწყეთ. გუშინ, სამოქალაქო საზოგადოებასთან გვქონდა კონსულტაციები, მომავალ კვირას კონსულტაციები ბიზნესთან გვექნება.


ჩვენ ხელისუფლების შეხედულებებს მოვისმენთ. ჩვენ ყველას ძალიან გამჭვირვალე გზით ჩავრთავთ და ვიმედოვნებთ, რომ ამ წლის ოქტომბრამდე, როდესაც კომისია რეკომენდაციებით გაფართოების ახალ ანგარიშს შეიმუშავებს, ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით საკმარისი წინსვლა იქნება, რათა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მხრიდან დადებითი რეკომენდაცია იყოს. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას 27 წევრი სახელმწიფო ამ წლის დეკემბერში ერთხმად მიიღებს.


ასე რომ, რაც ახლა ჩვენ გვჭირდება ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, მეტი პროგრესია, რათა ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცეს და წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტონ, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდნენ,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.


მისი თქმით, ცხრა ნაბიჯის განხორციელების დონეს დღეს არ შეაფასებს, რადგან ჯერ კიდევ ადრეა.

„მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში საქართველოში არჩევნებია, რაც ყველა პოლიტიკური ლიდერის დიდ ყურადღებასა და დიდ ენერგიას მიიპყრობს მნიშვნელოვანია, რომ ცხრა ნაბიჯის განხორციელებისთვის ყველამ პარალელურად იმუშაოს, რაც ხელისუფლების ინკლუზიურობას და ოპოზიციის ჩართულობას გულისხმობს.


ოპოზიციისთვის ეს კონსტრუქციულ მიდგომას ნიშნავს და ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის მცდელობას, რათა პროგრესის მიღწევა მოხდეს და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, ეროვნული კონსენსუსი იქნება და ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა ერთად იმუშავებს,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.