კანადის ყოფილი პრემიერი: რუსეთს არ სურს, ჰყავდეს წარმატებული უკრაინა საზღვარზე და წარბს წევს საქართველოსთან დაკავშირებითაც

უკრაინის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ფუნდამენტურია, თუ უკრაინაში წარუმატებლობას განვიცდით, ეს კატასტროფა იქნება, - ამის შესახებ კანადის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კიმ კემპბელმა თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, უმთავრესია თუ არა უკრაინის ბრძოლა საკუთარი სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობისთვის.


„რასაც ვხედავთ არის შეტევა, რომელიც ხორციელდება დემოკრატიის მიმართ შიშის გამო. რუსეთს არ სურს ჰყავდეს წარმატებული დემოკრატიული უკრაინა თავის საზღვარზე და ნება მომეცით გითხრათ, რომ ისინი საქართველოსთან დაკავშირებითაც წარბს სწევენ. ამიტომაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ფუნდამენტურია. ეს ჰგავს სცენარს, სადაც ვიცით, რა მოხდება, თუკი რეალობას ვერ დავინახავთ,“ - აღნიშნა კიმ კემპბელმა.


მისი თქმით, თუკი დასავლეთი უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწევს, ეს კატასტროფა იქნება.

„თუ უკრაინაში წარმატებას ვერ მივაღწევთ, ეს კატასტროფა იქნება, რადგან არავინ ვცხოვრობთ იმ ილუზიით, რომ პუტინი უკრაინაში გაჩერდება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინა, საქართველო და სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან საფრთხე დაემუქროთ“, - აღნიშნა კანადის ყოფილმა პრემიერმა.