იულია ნავალნაიამ და ოლენა ზელენსკამ თეთრი სახლის მიპატიჟებას უარით უპასუხეს - მედია

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ქვრივმა, იულიამ და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ, ოლენამ, უარი განაცხადეს თეთრი სახლის მიპატიჟებაზე, დაესწრონ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოსვლას კონგრესის წინაშე. შესაბამის ინფორმაციას The Washington Post-ი და „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებენ.


როგორც The Washington Post-ი წერს, ნავალნაია და ზელენსკაია, აშშ-ის პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის, სტუმრები უნდა ყოფილიყვნენ. იგეგმებოდა, რომ ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ წინააღმდეგობის სიმბოლო იქნებოდნენ.

გამოცემის ცნობით, ნავალნაიას მიწვევამ უკრაინის მხარის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია იმის გამო, რომ მისი ქმრის მიმართ უკრაინის საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. „უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განუცხადეს, რომ თეთრ სახლში გამოსვლა ზელენსკას სამუშაო გრაფიკს არ დაემთხვა.


როგორც The Washington Post-ი წერს, ზელენსკას უარის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება, ისიც იყოს, რომ კიევს არ სურს ვაშინგტონში ასოცირდებოდეს ბაიდენთან. „უკრაინა აქტიურ ლობისტურ სამუშაოს მიჰყვება რესპუბლიკური პარტიის კანონმდებლებთან, რათა მათ მოიწონონ კიევისთვის 60 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი,“ წერს ამერიკული გამოცემა.


ვიზიტზე უარი თქვა ნავალნაიამაც,რაც მისმა პრესმდივანმა კირა იარმიშმა იმით ახსნა, რომ ნავალნაიას დასვენება ესაჭიროება ქმრის გარდაცვალებისა და ამასთან დაკავშირებული მოგზაურობების გამო.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენი ხუთშაბათს, 7 მარტს ვაშინგტონში ტრადიციული ყოველწლიური მიმართვით უნდა გამოვიდეს.