გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაამკაცრა.
ბერლინი საკუთარ მოქალაქეებს „კატეგორიულად“ არ ურჩევს რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებას. როგორც უწყებაში აცხადებენ, ცვლილება განხორციელდა "სიტუაციის მუდმივი გაუარესებისა" და "თვითნებური დაპატიმრებების რაოდენობის ზრდის გამო."
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განახლებულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ არსებობს თვითნებური დაპატიმრების რისკი როგორც გერმანიის მოქალაქეებისთვის, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის.
„ორმაგი მოქალაქეობის მქონე გერმანიისა და რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთის ხელისუფლება მათ ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეებად განიხილავს. ეს ასევე ეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლო გაწვევის შემთხვევებს. საელჩო ვერ უზრუნველყოფს მათ საკონსულო დაცვას,“ - აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების განმარტებით, რუსეთში პოტენციურ აქციებსა და დემონსტრაციებს თან ახლავს უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალადობა.