ფინეთში პირველი განაჩენი გამოიტანეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის

ფინეთში პირველი სასჯელი გამოუტანეს ბიზნესმენს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის.

სასამართლომ ესტონური წარმომავლობის საფრანგეთის მოქალაქეს, გაბრიელ ტემინს, რომელიც არის ფინური ლოგისტიკური და სასაწყობო კომპანიების, Luminor-ისა და Siberica-ს აღმასრულებელი დირექტორი, ცხრათვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.


გამომძიებლების ვერსიით, კომპანიები, რომლებსაც ტემინი ხელმძღვანელობდა, რუსეთს აწოდებდნენ აღჭურვილობას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს დრონების მშენებლობაში.

პროკურორები ტემინისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდნენ.


სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები და არ დაადასტურა ბრალდებულის კომპანიების კავშირი რუსეთთან.

ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ ტემინი ჩართული იყო რუსეთის ტერიტორიის გავლით, საექსპორტო ნებართვის გარეშე, ყაზახეთში საქონლის გაყიდვაში. სასამართლომ ვერ აღმოაჩინა იმის მტკიცებულება, რომ ფინური კომპანიების პროდუქცია რუსეთში დარჩა.


ტემინი 1991 წლიდან მუდმივად ცხოვრობს ფინეთში. გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ბიზნესმენი და მისი ორივე კომპანია აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდნენ. 2023 წლის 18 სექტემბერს სასამართლომ ბიზნესმენი დააკავა.