სალომე ზურაბიშვილი მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7-8 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს ორბელიანების სასახლეში შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.


ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას პრეზიდენტმა ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა "იმ სამოქალაქო აქტიურობისათვის, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა და საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა."


ამასთან, შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისევე როგორც გასული წელი, როცა  ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, მიმდინარე წელიც უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.


სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის განცხადებით, ბევრად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდების ჩართულობა, არჩევნებზე მისვლა და არჩევნებში მონაწილეობისათვის მობილიზება, რადგან როგორც წესი, ყველგან და ამაში გამონაკლისი არც საქართველოა, არჩევნებში ზოგადად, ახალგაზრდების დაბალი აქტივობა ფიქსირდება.


„თქვენი პასუხისმგებლობაა, ეს გზავნილი მიიტანოთ სხვა ახალგაზრდებამდე და იმ ადამიანებამდე, ვინც დღეს საზღვარგარეთ სწავლობს და მუშაობს, რომ ამ საარჩევნო პროცესში მათი ხმა, თქვენს ხმასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.