უკრაინა ევროკავშირში იქნება, პუტინი ჰააგაში, სასამართლოს წინაშე წარსდგება - ევროკომისიის პრეზიდენტი

უკრაინა თავის ადგილს დაიკავებს ევროკავშირის ცენტრში, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, გაანადგუროს მისი ევროპული ოცნება, ხოლო ვლადიმერ პუტინი სასამართლოს წინაშე, ჰააგაში წარსდგება.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს, ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე განაცხადა.


„მე ვიყავი ბუჩაში მისი გათავისუფლების შემდეგ. არასოდეს დამავიწყდება ცხედრების ტომრები: უდანაშაულო მოქალაქეები, ახალგაზრდა ქალები, მოხუცები, პუტინის მიერ მოკლული ჯარისკაცების. მათი ცრემლები, მათი შიშები, მათი აგონია. და როგორც დედას და ბებიას, გული მიკვდება ამ ისტორიების მოსმენაზე," - აღნიშნა ლაიენმა.


მისი თქმით, პუტინს „ომის დანაშაულებში ედება ბრალი და ის საასმართლოს წინაშე აღმოჩნდება.“ ფონ დერ ლაიენის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით დადგება იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება, მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით.


ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა. „ევროპის სახალხო პარტიამ“ დღეს გამართულ პარტიის ყრილობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას 400 ხმით 89-ის წინააღმდეგ მხარი ოფიციალურად დაუჭირა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებას რიგით მეორე, ხუთწლიანი ვადით შეეცდება.