ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს ღაზის სანაპიროზე დროებითი ნავმისადგომის შექმნა დაავალა

ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული სიტუაციის გამო, აშშ ღაზასთან ააშენებს დროებით ნავმისადგომს მშვიდობიანი პალესტინელებისთვის დახმარების გასაწევად. გადაწყვეტილება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ კონგრესისადმი ტრადიციული მიმართვისას.

„ვაძლევ ბრძანებას აშშ-ის სამხედროებს, უხელმძღვანელონ საგანგებო მისიას ღაზის სანაპიროზე ხმელთაშუა ზღვაში დროებითი ნავმისადგომის შესაქმნელად, რომელიც საკვების, წყლისა და მედიკამენტების დიდი ტვირთების მიღებას შეძლებს,” - განაცხადა ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.


აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ღაზაში ამერიკელ ჯარისკაცებს არ გააგზავნიან.

„ამერიკული ჩექმა არ იქნება ადგილზე. დროებითი ნავმისადგომი ხელს შეუწყობს ღაზაში ყოველდღე ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის ზრდას“, - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელს მოუწოდა, შეასრულოს თავისი როლი და ღაზაში მეტი დახმარება დაუშვას.

"ისრაელის ხელმძღვანელობას ვეუბნები: ჰუმანიტარული დახმარება არ შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი საკითხი ან ვაჭრობის საგანი. უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დაცვა და გადარჩენა პრიორიტეტი უნდა იყოს," - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.