კულება: უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს, ძლიერი გადაწყვეტილებები - ომის დასასრულია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოკავშირეებისგან ძლიერი გადაწყვეტილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.

დმიტრო კულებამ ლიეტუვაში ესტონელ, ლიეტუველ, ლატვიელ და ფრანგ კოლეგებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს, ძლიერი გადაწყვეტილებები - ომის დასასრულია.


„დღეს ერთი რამ არის ნათელი, და ეს სიმწრითა და სიფხიზლით უნდა ვაღიაროთ. მინდა, რომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა იცოდეს: უზომოდ მადლიერები ვართ იმისთვის, რაც უკრაინისთვის გააკეთეთ, მაგრამ უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს.

ის დასრულდა. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლა ხდება, ყველა ჩვენგანისთვის ეს კარგი არაფრით არ დასრულდება. აუცილებელია ყველა სახის იარაღისა და ამუნიციის შეუფერხებელი და დროული მიწოდებები, რათა უკრაინამ რუსეთი დაამარცხოს და ევროპაში ომი უშუალოდ მასზე არ გავრცელდეს,” - განაცხადა დმიტრო კულებამ.


როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საჭიროა ახალი რეალობის მიღება, რომ ევროპაში მშვიდობის ეპოქა დასრულდა.

„ეს, ჩემი აზრით, ის გზავნილია, რომლამდეც პარიზი მივიდა, როდესაც ერთი კვირის წინ სამიტი მოიწვია: ვისაც არ სჯერა, რომ ომი უკრაინის ფარგლებს გარეთაც შეიძლება მოხდეს, გავრცელდეს ტერიტორიაზე, რომელიც ამ დროისთვის NATO-ს ტერიტორიაა, გთხოვთ, გაიღვიძეთ, ისტორიის სახელმძღვანელოები წაიკითხეთ, მოუსმინეთ, რას ამბობს ახლა პუტინი და 10 განსხვავება იპოვეთ. ვერ იპოვით,” - განაცხადა დმიტრო კულებამ.