ინდოეთმა გამოააშკარავა "ადამიანებით ვაჭრობის ქსელი", რომლებიც ახალგაზრდებს რუსეთში სამუშაოს ჰპირდებოდნენ და შემდეგ უკრაინაში ფრონტის ხაზზე საბრძოლველად უშვებდნენ.
ინდოეთის გამოძიების ცენტრალური ბიუროს [CBI] ცნობით, ტრეფიკინგის სქემით, ამ დროისთვის, რუსეთში დაახლოებით 35 კაცი გაიგზავნა. მათგან სულ მცირე ორი ფრონტზე დაიღუპა, რამდენიმე კი, მძიმედ დაშავდა.
„ტრეფიკინგის ქვეშ მყოფი ინდოეთის მოქალაქეები გაწვრთნეს საბრძოლველად და განალაგეს რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე მათი სურვილის საწინააღმდეგოდ," - განაცხადა CBI-მ.
გამოძიების მიხედვით, ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, დედაქალაქ ნიუ დელიში და ასევე მუმბაიში. ამოღებულია 50 მილიონი რუპია (605,000 აშშ დოლარი) ნაღდი ფული, დოკუმენტები და ელექტრონული ჩანაწერები. დააკავეს ეჭვმიტანილებიც.
CBI-ს სისხლის სამართლის საქმეში ნათქვამია, რომ ზოგიერთ კაცს ასევე შესთავაზეს ჩაბარება რუსეთის „საეჭვო კერძო უნივერსიტეტებში“ და „ფასდაკლებით ვიზის გაგრძელება.“
როგორც Reuters-ი წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა.
ნიუ დელი და მოსკოვი ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდნენ მჭიდრო ურთიერთობით, ხოლო ინდოეთი რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაგმობაზეუარს აცხადებდა და მოუწოდებდა ორივე მხარეს, დაესრულებინათ კონფლიქტი დიალოგისა და დიპლომატიის გზით. ინდოეთმა ასევე გააძლიერა იაფი რუსული ნავთობის შესყიდვა, რამაც დასავლეთის დედაქალაქების იმედგაცრუება გამოიწვია.