ქალთა უფლებების დარღვევის გამო, კანადამ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

კანადამ ირანის წინააღმდეგ, ქალთა უფლებების დარღვევის გამო, სანქციები გააფართოვა.

ინფორმაციას კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სანქციების სიაში დაემატა ორი მაღალი რანგის ირანელი წარმომადგენელი.


„ახალი ზომები გამოიყენება ორი პირის მიმართ ირანის მოქალაქეების, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების სასტიკ რეპრესიებში მონაწილეობის გამო. სანქციების სიას თეირანის მეტროპოლიტენის გენერალური დირექტორი მასუდ დოროსტი დაემატა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ კანონის გამო.

სიაში ასევე მოხვდა გავლენიანი პარლამენტარი ზოჰრენ ელაია მოძრაობა "ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება" მონაწილე მომიტინგეებისთვის სიკვდილით დასჯის მხარდაჭერის გამო. ამ ორმა ადამიანმა გამოიყენა თავისი გავლენები ირანში ქალებისა და გოგონების მიმართ რეპრესიების მოწოდების, ან ჩადენის მიზნით," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

2022 წლის ოქტომბრის შემდეგ, ეს კანადის მიერ ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მე-17 პაკეტია. ამ დროისთვის სანქცირებული პირების საერთო რაოდენობა 153-ს შეადგენს. ასევე სანქციების ქვეშაა 87 ირანული კომპანია და ორგანიზაცია.