საქართველოს სახალხო დამცველი ადიგენში მომხდართან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა.
„საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს 8 მარტს, ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას და განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა დაპირისპირებაში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება,“ წერი გავრცელებულ განცხადებაში.
რადიო თავისუფლების ცნობით, ინციდენტი 8 მარტს, დაბა ადიგენში მოხდა. კერძო პირის, მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები შეიკრიბნენ და მუსლიმებს იქ ლოცვის ჩატარება აუკრძალეს.
მათი თქმით, ერთი დღით ადრე, ადიგენის მართლმადიდებლები და მუსლიმები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის, "მეჩეთად არ გადააქცევდნენ" და მუსლიმური ტრადიციით, ყოველ პარასკევს იქ ლოცვას არ ჩაატარებდნენ. ადგილზე შეკრებილთა განცხადებით, ხუთშაბათს მათ სახლის მეპატრონისგან მიიღეს ეს პირობა, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა.