ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ექსკლუზიური მასალების მიხედვით, 2022 წლის ბოლოს აშშ-მ დაიწყო "აქტიური მზადება" რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ბირთვული იარაღით მიტანილი პოტენციური დარტყმისთვის, რაც იქნებოდა პირველი ატომური თავდასხმა ომის დროს მას შემდეგ, რაც თითქმის 80 წლის წინ აშშ-მ ატომური ბომბები ჩამოაგდო ჰიროსიმასა და ნაგასაკიში. ამის შესახებ CNN-ს ადმინისტრაციის ორმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა ინფორმაცია.
წყაროების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია განსაკუთრებით შეშფოთებული იყო რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ან საბრძოლო ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ვარაუდამდე მივიდა არა ერთი ინდიკატორით, არამედ რამდენიმე პროცესით, ანალიზით და მნიშვნელოვანი სადაზვერვო მონაცემებით. ამასთან, ადმინისტრაციის შიში მხოლოდ ჰიპოთეზას არ ეფუძნებოდა და ის გარკვეული ინფორმაციით საზრდოობდა.
2022 წლის გვიანი ზაფხულიდან გვიანდელ შემოდგომამდე პერიოდში, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს რამდენიმე შეხვედრა გამართა შესაბამისი გეგმების შემუშავების მიზნით - ვკითხულობთ CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2022 წლის ზაფხულის ბოლოს რუსეთის ძალების საქმე უკრაინაში ცუდად იყო - უკრაინელი მეომრები უტევდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონს, ქვეყნის სამხრეთში, უკრაინის სამხედროების წინსვლის ფონზე რუსეთის დანაყოფები ალყის შემორტყმის საფრთხეში იყვნენ. ადმინისტრაცია თვლიდა, რომ რუსეთის მიერ ხერსონის დაკარგვა - რომელიც, პუტინის აზრით, ახლა რუსეთის ტერიტორიის ნაწილი იყო - შეიძლებოდა გამხდარიყო პოტენციურ ნიშნულად ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის.
ამასთან, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის მიმდინარეობდა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის მიტანის შესაძლებლობის განხილვა.
„თუმცა აშშ-ს არცერთხელ არ მოუპოვებია სადაზვერვო ცნობები, რომ რუსეთი ნაბიჯებს დგამდა თავისი ბირთვული ძალების მობილიზაციაში მოსაყვანად, ამგვარი შეტევის განხორციელების მიზნით,“ - წერს CNN.