კულება: ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია, ამით ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა რომის პაპის ინიციატივას უკრაინისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობის შესახებ.

დმიტრო კულება წერს, რომ უკრაინა არ აპირებს თეთრი დროშის აწევას. უკრაინელი დიპლომატი მოუწოდებს ყველას, წარსულის შეცდომებს თავი აარიდონ და მხარი დაუჭირონ უკრაინას და მის ხალხს.


„ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც სიკეთესა და ბოროტებას შორის ომში სიკეთის მხარეს დგას, ვინც არ ცდილობს ამ ორი მხარის ერთ სიბრტყეზე დაყენებას "მოლაპარაკება" უწოდოს.

ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია. ეს არის დროშა, რომლითაც ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს ავწევთ სხვა დროშებს," - წერს უკრაინელი დიპლომატი და მადლობას უხდის რომის პაპს მშვიდობისთვის ლოცვების გამო.

კულება ასევე იმედს გამოთქვამს, რომ პაპი ფრანცისკე იპოვის დროს და ესტუმრება უკრაინას იქ მცხოვრები კათოლიკების გასამხნევებლად.