სამხრეთ კორეის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთში პირველად დააკავეს

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სამხრეთ კორეის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტოს ცნობით, რუსულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა სამხრეთ კორეელი მამაკაცი, პარკ ვონ-სუნი, ქალაქ ვლადივოსტოკში იანვრის დასაწყისში დააკავეს და თებერვლის ბოლოს საგამოძიებო მოქმედებებისთვის მოსკოვში გადაიყვანეს.


დღეს, მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ სამხრეთ კორეელ მამაკაცს პატიმრობა სამი თვით, 15 ივნისამდე გაუხანგრძლივა.

TASS-ის ინფორმაციით, პარკ ვონ-სუნი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას უცხოურ დაზვერვის სამსახურებს გადასცემდა.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის მიერ კორეელი მამაკაცის დაკავების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.