რუსეთი ადასტურებს უკრაინის მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების შეჭრას

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს უკრაინის მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების შეჭრას. მისი ცნობით, უკრაინის ტერიტორიიდან „თავდასხმა" მოსკოვის დროით 03:00 საათზე დაიწყო „სამოქალაქო ობიექტების ინტენსიური დაცხრილვით", შემდეგ კი, „უკრაინელმა ბოევიკებმა“ ტანკებით და საბრძოლო ჯავშანმანქანებით სცადეს ბელგოროდის ოლქის ერთდროულად სამი დასახლებული პუნქტის: ოდნორობოვკის, ნეხოტეევკის და სპოდარიუშინოს რაიონებში შეჭრა.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შეიარაღებულმა ძალებმა უშიშროების ფედერალური სამსახურის და სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებთან ერთად, ავიაციის, რაკეტების და არტილერიის გამოყენებით „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა" და მოწინააღმდეგეს „არსებითი დანაკარგებით უკან დაახევინეს“. რუსეთი ამტკიცებს, რომ ბელგოროდის ოლქში განადგურებულია 60-მდე „უკრაინელი ტერორისტი“ და 5 ტანკი.

გარდა ამისა, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, დღეს დილით, „უკრაინული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების“ 4 შეტევა მოიგერიეს კურსკის ოლქის დასახლებული პუნქტის, ტეტკინოს რაიონში, სადაც „მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვანი დანაკარგებით“ უკან დაიხია.


რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ლეგიონის, „რუსეთის თავისუფლების“ ტელეგრამ-არხზე 12 მარტს გამოქვეყნდა პოსტი: „საზღვარი გადავკვეთეთ“ და ტექნიკის გადაადგულების ამსახველი ვიდეო. ლეგიონის განცხადებით, არ დაუშვებს, რომ პუტინმა რუსეთი სიცოცხლის ბოლომდე მართოს, ყველა ზომას მიმართავენ მისი დიქტატურისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად, რათა რუსებს მშვიდად ეძინოთ, კარზე ზარის არ ეშინოდეთ, თავისუფლად თქვან, რასაც ფიქრობენ და ხმა მისცენ მას, ვისაც სურთ.

რუსეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებულმა „ციმბირის ბატალიონმა“ ტელეგრამ-არხით რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა ამ კვირაში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების იგნორირებისკენ. არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეებით დაკომპლექტებული ფორმირებები დამოუკიდებლად მოქმედებენ. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე, რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა არაერთხელ განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე, ძირითადად, ბელგოროდის ოლქში ჩატარებული ოპერაციების შესახებ.