აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე გამოაცხადა.
„დღეს პრეზიდენტ ბაიდენის სახელით უსაფრთხოების სასწრაფო დახმარების პაკეტის შესახებ ვაცხადებ, 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღითა და აღჭურვილობით, რათა დაკმაყოფილდეს უკრაინის ზოგიერთი, ყველაზე კრიტიკული საჭიროება,” - განაცხადა სალივანმა.
მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნული პაკეტისთვის სახსრები „გაუთვალისწინებელი ეკონომიის” გამო გაჩნდა, პენტაგონის მიერ უკვე გაფორმებულ კონტრაქტებში კიევისთვის გადაცემული იარაღის ჩასანაცვლებლად, ამიტომ, ხსენებული პაკეტის გადაცემა ამერიკის უსაფრთხოებაზე არ აისახება.
„ეს პაკეტი, რომელსაც ვაცხადებთ, მოიცავს დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვს, HIMARS-ის სისტემებისთვის GMLRS რაკეტებს. ეს დახმარება ალიან სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ თავს იცავდეს რუსული თავდასხმებისგან,” - განაცხადა სალივანმა.
ცნობისთვის, ეს უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების პირველი პაკეტია 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, იმის ფონზე, რომ კიევისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფაზე (დაახლოებით 60 მილიარდი აშშ დოლარი) კენჭისყრის გამართვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მიერ იბლოკება.