რუსეთის რიაზანის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებები იყო.
ტელეგრამ-არხი Baza თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ქარხანას სამმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია. დრონებით შეტევა და ხანძარი რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა დაადასტურა. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
12 მარტს დრონებით შეტევის შედეგად, რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობკომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის, ხანძარი გაჩნდა. ამასთან, უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შედეგად ორიოლის ოლქში დაიწვა ნავთობის რეზერვუარი.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია. ბოლო თვეებში, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწვავის რეზერვუარებზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო.