ფინეთის პრემიერი: რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, რომ რუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება.

მისი თქმით, რუსეთი ევროპისთვის მუდმივ და არსებით სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს.

პეტერი ორპომ აღნიშნა, რომ რუსეთი დაუმარცხებელი არ არის და ევროკავშირის სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა.

„თუ ჩვენ, როგორც გაერთიანებული ევროპა, ამ გამოწვევას შესაბამისად ვერ ვუპასუხებთ, მაშინ მომავალი წლები მოსალოდნელი თავდასხმის საშიშროებით სავსე იქნება“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას უაზრო ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ ფინეთის საზღვართან ჯარებს განათავსებს.