ავსტრიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გამოაცხადოს პერსონა ნონ გრატად იმის გამო, რომ მათი საქმიანობა „დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელია.“ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია გაზეთ Heute-ის მოთხოვნის საპასუხოდ დაადასტურა.


ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი „არასასურველ პირად“ გამოცხადდა. მათ ქვეყანა 19 მარტის ჩათვლით უნდა დატოვონ.


ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთს შეეძლო თავისი დიპლომატების სადაზვერვო საქმიანობისთვის გამოყენება. შესაბამისი მასალა კვირის დასაწყისში ვენურმა გაზეთმა Falter-მა გამოაქვეყნა.