რუსეთის სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლებსაც ბოლო ორ დღეში უკრაინამ დრონებით შეუტია, რუსეთში ნავთობის გადამუშავების საერთო სიმძლავრის დაახლოებით 12% მოდის. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 13 მარტს იყო, წელიწადში 17,1 მილიონ ტონა ნავთობს აწარმოებს და მოსკოვის მახლობლად მდებარე რეგიონების ერთ-ერთი ძირითადი მომმარაგებელია.
რიაზანის ქარხანა რუსეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესი კომპანიის, „როსნეფტის“ კონტროლქვეშაა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, დრონებით დარტყმის შედეგად გამოწვეული ხანძრის გამო, მუშაობა შეაჩერა ნავთობის გადამუშავების ორმა ძირითადმა დანადგარმა.
სააგენტო Bloomberg-ის შეფასებით, ამ ეტაპზე, როცა უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე უპირატესობა რუსეთს აქვს, კიევი ენერგოობიექტებზე დარტყმით ცდილობს, ხელი შეუშალოს რუსული ნავთობის ექსპორტს და საწვავით რუსული არმიის მომარაგებას. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწვავის რეზერვუარებზე დრონებით არაერთი შეტევა იყო თებერვალშიც. Bloomberg-ის მონაცემებით, ამ პირველმა ტალღამ რუსეთის სიმძლავრეთა თითქმის მეხუთედის მუშაობა შეაფერხა, თუმცა მარტის დასაწყისისთვის ინდუსტრიამ ძალების აღდგენა დაიწყო.
12 მარტს დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდის ქალაქ კსტოვოში მდებარეობს.
13 მარტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარე ნავთობპროდუქტების ქარხანაზეც, რომელიც იძულებული იყო მუშაობა შეეჩერებინა. Bloomberg-ის მონაცემებით, ამ ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 5,6 მილიონი ტონაა.
ასევე 13 მარტს დრონებით შეტევა იყო ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც. ქარხანა „კინეფი“ დიზელის საწვავის ექსპორტს აწარმოებს.
ამავე დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბრიტანული BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო.
ამავე წყაროს ცნობით, უკრაინის ამოცანაა რუსეთს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 13 მარტს, შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ დრონებით შეტევა იყო ათამდე ოლქზე, სადაც 60-ზე მეტი „უკრაინული“ უპილოტო საფრენი აპარატი „გაანადგურეს.“