ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს ამარტივებს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული წესების შესახებ კანონპროექტი შეათანხმეს. შესაბამის ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

დამტკიცების შემთხვევაში, ახალი კანონი მისცემს მეტ შესაძლებლობას ევროკავშირს, აღკვეთოს უვიზო რეჟიმი ბოროტად გამოიყენება ან ეს ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება. უვიზო რეჟიმი მესამე ქვეყანასთან ევროკავშირმა, შესაძლოა, შეაჩეროს იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ქვეყანასთან მისი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდება, კერძოდ, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მდგომარეობის გამო. კანონპროექტის მიხედვით, უვიზო რეჟიმის შეჩერების ვადა გაიზრდება ცხრიდან 12 თვემდე და შესაძლებელი იქნება მისი კიდევ 24 თვით გახანგრძლივება.


განახლებული წესებით, ევროკავშირს უვიზო რეჟიმის შეჩერება შეეძლება ისეთ შემთხვევაში, თუკი მესამე ქვეყნის სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას არ შეესაბამება, რასაც შესაძლოა, ევროკავშირში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩასვლის ზრდა მოჰყვეს, მაგალითად, ამ ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო. ასევე, უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, შეჩერდეს, თუკი ქვეყანაში მოქმედებს ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემა, აგრეთვე, ამ ქვეყნის დოკუმენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ან პროცედურებში არსებობს ჰიბრიდული საფრთხეები ან ნაკლოვანებები.


ამასთან, ძალაში დარჩება ასევე უვიზო რეჟიმის შეჩერების აქამდე მოქმედი პირობები, მათ შორის, მესამე ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობით უსაფუძვლო განაცხადების მიღება, რეადმისიის ფარგლებში თანამშრომლობის შემცირება, უვიზო რეჟიმით დადგენილი ვადების დარღვევა.