წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა რესპუბლიკელ სენატორებთან საუბრისას განაცხადა, რომ პალატა მოამზადებს საკუთარ კანონპროექტს უკრაინის მხარდასაჭერად, ოღონდ მნიშვნელოვნად განსხვავებული ფორმით, ვიდრე სენატის მიერ უკვე დამტკიცებული პროექტია.
ამის შესახებ The Hill-ი იუწყება. ოთხშაბათს გვიან ჟურნალისტებთან საუბრისას ჯონსონმა განმარტა, რომ „იმუშავებს იმისთვის, რომ პალატა შეთანხმდეს“ უკრაინის მხარდაჭერის გადაწყვეტაზე და გააცნობიეროს მისი მნიშვნელობა.
„არავის უნდა ვლადიმერ პუტინის ხელში ჩავარდნა. მე ვფიქრობ, რომ ის არ გაჩერდება უკრაინაზე და წავა ევროპისკენ... ამ სიტუაციაში არის სწორი და არასწორი მხარე, სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ და უკრაინა არის მსხვერპლი,“ - აღნიშნა ჯონსონმა.
სენატორების თქმით, რომლებიც ესწრებოდნენ დისკუსიას, ჯონსონმა განაცხადა, რომ პალატის კანონპროექტს შეუძლია, კიევს შესთავაზოს მხარდაჭერა სესხის ან Lend-Lease სახით ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დასაცავად. პოტენციურ ახალ კანონპროექტს დასჭირდება საკმარისი ხმების მიღება როგორც პალატაში, ასევე სენატში. ამავდროულად, ჯონსონს არ უთქვამს, აპირებს თუ არა ამ პროექტში კიდევ ერთხელ ჩართოს შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით რაიმე წესი, რაც შესაძლოა, ისევ „წითელ ხაზად“ იქცეს დემოკრატებისთვის. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, სესხის სახით დახმარების იდეაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „უკრაინის დატვირთვა მილიარდი დოლარის საგარეო ვალით,“ სრულმასშტაბიანი ომის კონტექსტში შეუსაბამოა.